English / ქართული / русский /
ცირა ცეცხლაძემარიკა ბოლქვაძელევან ცეცხლაძე
მთის რეგიონის ტურისტული პოტენციალი აჭარაში

ანოტაცია. სამეცნიერო თემაში განხილული და დამუშავებულია მთის რეგიონის ტურისტული პოტენციალი აჭარის მაგალითზე, დასაბუთებულია რეგიონის ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალის ძირითადი ფაქტორები და ამ მიმართულებით მთის რეგიონის განვითარებისათვის ძირითადი ხედვები და ამოცანები. განხილულია ტურიზმის განვითრებით რეგიონში ძირითადი პრობლემების გადამწყვეტი გზები და სტრატეგიები, რომელიც აისახება მთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ ყოფაცხოვრებაზე და საერთოდ რეგიონის ცხოვრების დონის გაზრდისაკენ. 

შესავალი

საკუთარი მძლავრი ეკონომიკური პოტენციალის შექმნა და მისი შემდგომი განვითარება დამოუკიდებელი სახელმწიფოსათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკვანძო პრობლემაა. ეს პირველ რიგში მიღწეული უნდა იქნეს იმ სტრატეგიულ დარგთა კომპლექსური განვითარებით რისი პოტენციალიც ქვეყანას გააჩნია, კერძოდ, სახელმწიფომ პრიორიტეტად უნდა აღიაროს ის დარგები, როგორც წარმოების, ისე მომსახურების სფეროში, რომელთა განვითარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების დონის გაზრდასა და საერთო ეკონომიკურ წინსვლას.

ეკონომიკური ზრდის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მომსახურების სფეროს განვითარებას, რადგან მასზე ბევრადაა დამოკიდებული ქვეყანაში არსებული მრავალი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემის (დასაქმება, შემოსავლების გაზრდა და ა.შ.) გადაჭრა. აღნიშნული, სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რადგან ამ სფეროში გამოუყენებელი პოტენციალი ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დიდია.

სწორედ ამიტომ, ტურიზმი, როგორც მსოფლიო ეკონომიკის სწრაფად ინვესტირებადი დარგი, ქვეყნის ეროვნული ეკონომიკისა და ბიზნესის წარმატებული განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორია. მისი განვითარების როლი და სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობა განუწყვეტლივ იზრდება. 

ნაშრომის ძირითადი ხედვები და დასახული ამოცანები:

ტურიზმი დასვენების, თავისუფალი დროის ხარჯვის ან ბიზნესმიზნებით მოგზაურობას ნიშნავს. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ტურისტებს შემდეგნაირად განმარტავს: ,,ხალხი, რომელიც ტოვებს თავის ჩვეულ გარემოს და მიემგზავრება სხვა ადგილას ერთ თანმიმდევრულ წელზე ნაკლები ხნით დასვენების, თავისუფალი დროის ხარჯვის ან სხვა მიზეზით“.

როგორც აღვნიშნეთ, ტურიზმის განვითარება მეტად მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყნისთვის განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა მდიდარია ბუნებრივი რესურსებითა და მნიშვნელოვანი, საინტერესო კულტურული მემკვიდრეობით. ამ მხრივ საქართველო ყოველთვის ტურისტთა ყურადღების ცენტრშია და დღესდღეობითაც ჩვენს ქვეყანას მრავალი უცხოელი სტუმრობს.

 ამასვე ადასტურებს საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ ჩატარებული კვლევისა და  შჭჴთ ანალიზის საფუძველზე შემუშავებული ტურიზმის განვითარებისათვის  დადებითი და უარყოფითი მხარეები:

დადებითი:

1. სანახაობა და გეოგრაფიული მრავალფეროვნება;

2. გამორჩეული ქართული კულტურა, ფოლკლორი და სტუმართმოყვარეობა;

3. ხარისხიანი ხელნაკეთი ნაწარმი;

4. მდიდარი კულტურული, ისტორიული და არქეოლოგიური მემკვიდრეობა;

5. ქართული სამზარეულო და ღვინის კულტურა

6. დაბალი კრიმინოგენული სიტუაცია.

უარყოფითი:

1) ეკონომიკური არასტაბილურობა;

2) სოციალური განვითარების დაბალი დონე;

3) უმუშევრობის და ცხოვრების დაბალი დონე;

4) გარემოს დაბინძურება;

5) ტურისტული ობიექტების მიმანიშნებელი ნიშნებისა და ინფორმაციის გავრცელების ნაკლებობა;

6) ცუდი ინფრასტრუქტურა, კერძოდ, მოუვლელი, სოფლის დანგრეული გზები.

ტურიზმმა ჩვენს ქვეყანაში თავისი ღირსეული, პრიორიტეტული ადგილი უნდა დაიკავოს. ამის საფუძველს იძლევა ის მთავარი ფაქტორი, რომ საქართველოს უნიკალური რესურსული პოტენციალი გააჩნია ტურიზმის თითქმის ყველა მიმართულებით.  გამომდინარე აქედან, მთის რეგიონი მთლიანად, განსაკუთრებული ტურისტული რესურსია არაერთი ტურისტული მიმართულებით.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს შემუშავებული აქვს დარგის განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომელიც ეყრდნობა ტურიზმის მდგრადი განვითრების მსოფლიოში აპრობირებულ პრინციპებს და აშკარა უპირატესობას ანიჭებს ბაზრის მოთხოვნის სტიმულირებას. აქცენტები გამახვილებულია შემდეგი მიმართულებებით :

1.  თანამშრომლობა აჭარის ტურიზმის დარგში მოქმედ კერძო და საჯარო ორგანიზაციებთან;

1.1  პერიოდული შეხვედრების ორგანიზება კერძო სექტორებთან სხვადასხვა  საინტერესო თემაზე;

2.  ახალი და გაუმჯობესებული პროდუქტების ხარჯზე სეზონის გაფართოება _ მეტი ტურისტის მოზიდვა არასეზონურ პერიოდებში;

ა. საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, ტურიზმის მნიშვნელობის პროპაგანდა.

ბ. მიზნობრივი საინტერესო ცენტრების ან წარმომადგენლობის გახსნა და მათი საქმიანობის ეფექტურობის განვითარება.

3. აქტიური როლის შესრულება სტუმართა შთაბეჭდილებების გასაუმჯობესებლად.

მთავრობის მხრიდან მხარდამჭერი ღონისძიებები ტურიზმისა  და მომსახურების სფეროს  ინდუსტრიის მდგრადი  ეკონომიკური ზრდის საფუძველი გახდება.

გეოგრაფიული მონაცემების თანახმად, საქართველოს მთელი ტერიტორიის 54,4% მთიანია. ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, რომ საქართველოს მთიანეთის სამი ძირითადი ნაწილი _ აღმოსავლეთი, დასავლეთი და სამხრეთი მთიანეთები,  მიუხედავად გარკვეული მსგავსებისა, არსებითად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან როგორც ტრადიციებით და რესურსული პოტენციალით, ასევე განვითარების შესაძლებლობებითაც.

ჩვენი რეგიონის კონკრეტული უპირატესობა  შეიძლება დავაფუძნოთ მთის ზონაში ტურიზმის განვითარებას. მთის რეგიონები ზოგადად საქართველოში, კერძოდ კი აჭარაში აუთვისებელია როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ტურისტების მიერ. ამ კუთხით ტურიზმის  ბაზარი ძალიან სწრაფად მზარდი და პერსპექტიულია მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც.

 სწორედ ამიტომ, მთის განვითარების პროგრამაში ტურიზმი უნდა გახდეს მთის ეკონომიკურად განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი. ის მნიშვნელოვნად წაადგება რიგი პრობლემების ნაწილობრივ გადაწყვეტას, როგორებიცაა: სოფლად ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების დაბალი დონე, საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და ინტეგრირების ნაკლებობა ტურიზმის კუთხით, უმუშევრობა  და გაუმართავი ინფრასტრუქტურა, სოფლის დაბერებისა და მიგრაციული პროცესების გაუარესება და ა.შ.

სუსტად განვითარებული სოფლის მეურნეობა, ჩვენი აზრით, წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხელის შემშლელ ფაქტორს ზოგადად სოფლის განვითარების, კერძოდ კი მთის რეგიონის განვითარებისათვის. ამიტომ, სახელმწიფოს მიერ დასახული დარგობრივი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის კუთხით გამართლებულია, თუკი პარალელურად მოხდება ტურიზმის აღნიშნული მიმართულებით განვითარების ხელშეწყობა, მაგრამ ეს უნდა მოხდეს როგორც სახელმწიფო, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის  მაქსიმალური ჩართულობით.

ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონს გააჩნია ტურისტული პოტენციალი, აქედან მინდა გამოვყო შავიზღვისპირეთის რეგიონი _ აჭარა. როცა ვსაუბრობთ ტურიზმის განვითარებაზე, აუცილებელია აგრობიზნესის განვითარებაზეც ვიზრუნოთ, აქვე უნდა გავითვალისწინოთ აჭარის რესურსული პოტენციალი და შესაძლებლობებიც.

საქართველო ტრადიციული აგრარული ქვეყანაა, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში, სადაც იწარმოება ქვეყნის ეროვნული პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი.

მიმზიდველობა, სუფთა ბუნებრივი გარემო, გულითადი მასპინძელი, ადგილობრივი პროდუქტი _ ეს არის ის ძირითადი კომპონენტები, რაც სოფლად და მთის რეგონში ტურისტულ მოთხოვნას ქმნის. ორგანული მეურნეობები სუფთა და ჯანსაღი პროდუქციით კი ის დამატებითი კომპონენტია, რაც ტურისტულ შეთავაზებას უფრო მიმზიდველსა და ღირებულს ხდის. ამ შემთხვევაში ადგილობრივ გლეხს, ფერმერს და თავად ტურისტს გააზრებული აქვთ ბუნების მიმართ პასუხისმგებლობა.

საქართველოს, კერძოდ აჭარის ავტონომიურმა რესპუბლიკას  თავისი ბუნებრივი რესურსებით შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ისეთ ტურისტულად განვითარებულ ქვეყნებს, როგორებიცაა: საფრანგეთი, ჩინეთი, იტალია. ტურიზმის ისეთი მიმართულებები, როგორიცაა: ეკოტური, რეკრეაციული ტური, სალაშქრო ტური, მთის ტური, ველოტური, უფრო მრავალფეროვანს გახდის საქართველოს მიერ შეთავაზებულ ტურისტულ პროდუქტს. მეტად მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ტურისტებისათვის მაღალმთიანეთი საინტერესო ადგილი იყოს მოგზაურებისთვის, რათა მათ ზღვაზე დასვენების პარალელურად შეეძლოთ მოინახულონ ეროვნული პარკები, ულამაზესი მთიანი აჭარა თავისი ბუნებითა და სტუმართმოყვარე ხალხით. სოფლად ტურიზმის განვითარებისათვის აჭარის სოფლებში შეირჩა ტურისტული მეურნეობები, სადაც ტურისტებს საშუალება აქვთ, დატკბნენ სოფლად ტურიზმით და ჩაერთონ სხვადასხვა საქმიანობებში, როგორიცაა: მეცხოველეობა, მეფრინველეობა, მეფუტკრეობა, აქვე შესაძლებელია გაეცნონ ხალხური რეწვის სახეებს: ხის ნაწარმით დაწნული ნივთების დამზადებას, ხისა და ქვის დამუშავებას, საკრავი და სამუშაო ინსტრუმენტების დამზადებასა და რთვა-ქსოვას. აჭარის სოფლებში ტურისტებს საშუალება ეძლევათ იჯირითონ ცხენზე, ითევზაონ, მოაწყონ ლაშქრობები, დააგემოვნონ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისაგან დამზადებული ადგილობრივი კერძები და გაეცნონ ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებს. აჭარული სამზარეულო მსოფლიოში კარგად ცნობილი ქართული ტრადიციული სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია, თუმცა, ამავდროულად, განიცდის აზიური კულინარიის კულტურულ ზეგავლენას. მთიანი აჭარის სამზარეულოში რძის პროდუქტები ჭარბობს. აჭარული სამზარეულო წარმოუდგენელია აჭარული ხაჭაპურის გარეშე, ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ტკბილეულობასა და ღვინოს, რადგან აჭარამ უკვე თავისი  სიტყვა თქვა რეგიონში ღვინის ტურიზმის განვითარების მხრივ.

რეგიონის ისტორიულ-კულტურულ სიმდიდრეს ადასტურებს როგორც აჭარის ტერიტორიაზე შემორჩენილი უძველესი ძეგლების ნაშთები, ისე თვითმყოფადი კულტურული მემკვიდრეობა. უძველესი დროიდან იღებს სათავეს მთელ მსოფლიოში ცნობილი ქართული ფოლკლორის გამორჩეული ცეკვები „ხორუმი“ და „აჭარული“, რომლებიც ჩვენი რეგიონის იდენტობის საუკეთესო გამოხატულებაა. მნიშვნელოვანია რეგიონის სიმდიდრე არქეოლოგიური თვალსაზრისითაც, ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ აჭარა-ბათუმი გამორჩეულია კულტურული ღონისძიებების სიმრავლით. იგი ყოველწლიურად მნიშვნელოვან კულტურულ, სპორტულ და სამეცნიერო ღონისძიებებს, სახალხო დღესასწაულებს, საერთაშორისო მუსიკალურ თუ კინოფესტივალებს მასპინძლობს.

როგორც აღვნიშნეთ, მთიანი აჭარის პოტენციალი განუზომლად დიდია, რომელიც ყოველმხრივ უნდა გამოვიყენოთ. საჭიროა გარკვეული ღონისძიებების გატარება იმისათვის, რომ საკურორტო ინფრასტრუქტურა უფრო მეტად განვითარდეს და სამთო ტურიზმის უდიდეს ცენტრად გადაიქცეს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამთო ტურიზმის განვითარების ყოველი წელი წინაზე უკეთესია, მაგრამ აუცილებელია მთის კანონპროექტებზე მუშაობა, რომლის მიზანიც იქნება სწორედ მთიან სოფლებში ეკონომიკური პერსპექტივებისა და დასაქმების ხელშეწყობა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონს, გარდა საზღვაო კურორტისა, სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. აჭარის მაღალმთიან ზონაში ჰავა ნოტიოა. ზამთარი შედარებით ცივი და ხანგრძლივია, ხოლო ზაფხული ხანმოკლე და გრილი. ბოლო წლებში მაღალმთიან აჭარაში დაიწყო სამთო კურორტების გაშენება. მათ როგორც სამკურნალო-რეკრეაციული, ასევე გასართობი დანიშნულება აქვთ და ისინი წლის ოთხივე სეზონზე არის გათვალისწინებული. აქტიურად დაიწყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამთო-სათხილამურო კურორტების ინფრასტრუქტურული განვითარება. გაშენების პროცესშია შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების შემდეგი კურორტები: შუახევის მუნიციპალიტეტში: კურორტი ,,გომარდული’’, ხულოს მუნიციპალიტეტში _ ,,ქედლები“, ,,გოდერძი“  და  საზაფხულო კურორტი  ,,ბეშუმი’’.

აჭარის მაღალმთიანი კურორტებიდან აღსანიშნავია ბეშუმი, რომელიც მდებარებოს ხულოს მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან 1850-1900 მ სიმაღლეზე. გზა ბათუმიდან ბეშუმამდე გადადის გოდერძის უღელტეხილზე (2000-2100 მ ზღვის დონიდან). ეს გზა განსაკუთრებით ლამაზია.კურორტის ტერიტორია დაფარულია მდიდარი წიწოვანი ტყით.ბეშუმის ტემპერატურული მერყეობა მკვეთრად განსხვავდება ზღვისპირისაგან. ბეშუმი სუსტი ქარების მოქმედებას განიცდის, აქ ღრუბლიანობის ხარისხი მერყეობს 40-50% შორის. ბეშუმი კლიმატური კურორტია, ამიტომ მზეს, როგორც სამკურნალო ფაქტორს, მთავარი მნიშვნელობა ენიჭება.უნდა აღინიშნოს, რომ ბეშუმში არის გოგირდწყალბადიანი და რკინიანი მინერალური წყაროები, რომლებსაც მოსახლეობა სხვადასხვა დაავადებების დროს იყენებს. აქ გატარებული ავადმყოფების გამოჯანსაღების მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ ბეშუმის კლიმატი კარგად მოქმედებს სასუნთქი გზების ქრონიკულ ანთებებზე, ნევრასტენიასა და მეორად ანემიაზე.

რაც შეეხება კურორტ გოდერძის, თავისი მდებარეობითა და კლიმატური პირობებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. იგი მდებარეობს ხულოს მუნიციპალიტეტში გოდერძის უღელტეხილზე, ზღვის დონდან 2350 მ. კურორტმა პირველი ტურისტი 2012 წელს მიიღო, ხოლო 2015 წელს იგი ოფიციალურად გაიხსნა.გოდერძი დამსვენებლებს ზაფხულსა და შემოდგომაზე მოემსახურება, როგორც სამთო-კლიმატური კურორტი, ხოლო ზამთრის სეზონზე, როგორც სამთო-სათხილამურო კურორტი. ამგვარად, კურორტი იმუშავებს მთელი წლის განმავლობაში და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურისტთა დატვირთვას. კურორტზე ზაფხულობით  შესაძლებელია ალპური მთისა და ტყის ჰაიკინგი (ლაშქრობა), ველოსიპედითა და ცხენით გასეირნება, პარაპლანით ფრენა და  გოლფის თამაში. ამჟამად, კურორტ გოდერძიზე ორი ტიპის საბაგიროა _ 2000 მეტრის სიგრძის ღია სავარძლებით და 1800 მეტრის სიგრძის _ გონდოლებიანი.

აღსანიშნავია, რომ კურორტ გოდერძის ერთდროულად შეუძლია 700-მდე ვიზიტორის მიღება. კურორტზე ამ ეტაპზე განთავსებულია 6 საცხოვრებელი სახლის ტიპის კოტეჯი, თითო კოტეჯი 12 ადამიანზეა გათვლილი, სულ განთავსდება 72 ადამიანი და 1 სასტუმრო ტიპის კოტეჯი, რომელშიც შესაძლებელია 36 ადამიანის განთავსება. ასევე ფუნქციონირებს სასტუმრო „მეტეო“, რომელიც გოდერძის უღელტეხილიდან 4 კმ-ში მდებარეობს. რაც შეეხება ფასებს, აღნიშნულ სერვისებში 80-150 ლ მერყეობს.

მაღალმთიან აჭარაში, კურორტი გოდერძი მესამე წელია მასპინძლობს დამსვენებლებს. 2017/2018 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონის თანახმად, გასულ წელთან შედარებით წელს ვიზიტორების რაოდენობა 129 პროცენტითაა გაზრდილი. მიმდინარე სეზონზე კურორტ გოდერძიზე 10283 ვიზიტორმა დაისვენა. 

დასკვნა

საქართველოს მთიანეთში ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელია რეგიონულ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ტურიზმის ინდუსტრიის წინაშე მდგრადი იდენტური ამოცანების გამოვლენა და შესაბამისი ზოგადი პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება, მათგან აღსანიშნავია:

• შეღავათები მაღალმთიანეთში ტურიზმის განვითარებისთვის;

• ტურისტთა უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრა;

• ქვეყანაში ტურისტების შემოსვლის, ასევე გასვლისა და ქვეყნის შიგნით კომფორტული გადაადგილებისთვის შესაბამისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შექმნა;

• საინფორმაციო  და  სარეკლამო  სისტემის შექმნა;

• კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობების დაცვა.

ტურიზმის განვითარება მაღალმთიანეთში და მათ შორის აჭარაში გამოიწვევს:

• რეგიონში  ტურისტული სეზონის გახანგძლივებას;

• დასაქმების დონის გაზრდას;

• გარემოს დაცვის მრავალფეროვნების შენარჩუნებას;

• სოფლად ცხოვრების დონის ამაღლებას;

• სოფლად თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნას;

• კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას;

• მოსახლეობის ეკონომიკურ გააქტიურებასა და სამეწარმეო საქმიანობაში ჩაბმას.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი ის სიკეთეა, რაც კი შეიძლება მოჰყვეს ტურიზმის განვითარებას  აჭარის მთიანეთში ცხოვრების დონის ზრდის გათვალისწინებით.

ჩვენი აზრით, აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის მთის რეგიონებში     ტურიზმის განვითარება კარგ შესაძლებლობას იძლევა რეგიონის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, რაც თავის გამოხატულებას პოულობს ადგლობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებაში. კარგი იქნება, თუ მთის რეგიონი სახელმწიფოს მიერ იქნება პრიორიტეტად  აღიარებული  თავისი ტურისტული პოტენციალით და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება კერძო სექტორთან ურთიერთთანამშრომლობის გასაუმჯობესებლად. 

გამოყენებული ლიტერატურა

1. მიქაშავიძე ვ. ,,საქართველოს ტურისტული რესურსები”, ბათუმის შოთა  რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სალექციო კურსი, 2018.

2. ჩარლზ რ.გენდლერი, ჯ.რ. ბრენტ რიტჩი, ,, ტურიზმის საფუძვლები“, გამომცემლობა ,,ბათუმის შოთა  რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, საქართველო 2013.

3. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის კვლევები 2016-2017-2018.